Pages

Thursday, January 22, 2015

ბუტა რობაქიძის საქმეში, სოსო რობაქიძის ჩვენებას სასამართლო მსჯავრდებისას აღარ გაიზიარებს

ბუტა რობაქიძის საქმეში, სოსო რობაქიძის ჩვენებას სასამართლო მსჯავრდებისას აღარ გაიზიარებს
ბუტა რობაქიძის მამა, სოსო რობაქიძე

ბუტა რობაქიძის საქმეზე სოსო რობაქიძის ჩვენებას, სასამართლო ზურაბ მიქაძის წინააღმდეგ განაჩენის გამოტანისას ვეღარ გაიზიარებს. ამის შესახებ news.ge-ს ზურაბ მიქაძის ინტერესების დამცველმა კობა კობახიძემ განუცხადა.
როგორც კობახიძე ამბობს, ზურაბ მიქაძემ მოიგო საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ წარმოებული დავა. საკონსტიტუციო სასამართლომ ანტიკონსტიტუციურად სცნო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–13 მუხლის მე–2 ნაწილის, ამავე კოდექსის 76–ე მუხლის მე–3 ნაწილისა და ამავე კოდექსის 169–ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად პირის ბრალდებულად ცნობა და მსჯავრდება შესაძლებელია ირიბი ჩვენების ურთიერთშეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობით.
სასამართლომ დაადგინა, რომ აღნიშნული მუხლები ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტს, რომლის თანახმად დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საბრალდებო დასკვნა და გამამტყუნებელი განაჩენი  მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს უნდა ემყარებოდეს. 
აღნიშნული დავის ამგვარი შედეგით დასრულება განაპირობებს იმას, რომ ბუტა რობაქიძის საქმეში, ზურაბ მიქაძის წინააღმდეგ  მიცემული სოსო რობაქიძის ჩვენება, განაჩენის გამოსატანად მტკიცებულებად უკვე აღარ ჩაითვლება. ბრალდებული ზურა მიქაძე განმარტავს, რომ განაჩენის გამოტანისას, მოსამართლეს მტკიცებულებათა ერთობლიობა ესაჭიროება, მიქაძის თქმით, მაშინ როცა ირიბი მტკიცებულების გაზიარება აღარ ხერხდება, მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულებაც აღარ არის საკმარისი მსჯავრდებისთვის. 
"მარტო ერთი მტკიცებულებით ვერ გამოიტანს მოსამართლე განაჩენს. ამიტომ გამოძიებაში არსებობდა ასეთი ხერხი, რომ ერთი პირდაპირი და ერთი ირიბი ჩვენებით აცხადებდნენ, რომ ეს მტკიცებულებათა ერთობლიობაა. დღეს როცა ირიბი ჩვენება აღარ მიიღება მტკიცებულებად მსჯავრდებისას, ის პირდაპირი ჩვენებაც, თუ ის საქმეში ერთადერთია, აღარ ვარგა უკვე მტკიცებულებად",-აცხადებს მიქაძე. 
მიქაძის ადვოკატი კი განმარტავს, რომ  ირიბი მტკიცებულებაა სოსო რობაქიძის ჩვენება, რადგან მას ფაქტი, რაზეც ჩვენება მისცა, თავად არ დაუნახავს. 
"ბუტა რობაქიძის საქმეზე ახლა მიმდინარეობს სასამართლო, რომელსაც ხელ-ფეხი გავუხსენით ობიექტური გადაწყვეტილების მიღებისთვის. მოსამართლეს თავად შეუძლია, თუ რაიმე ანტიკონსტიტუციურს ნახავს, შეიტანოს წარდგინება და უთხრას საკონსტიტუციო სასამართლოს, რომ ჩემი აზრით ეს ნორმა ანტიკონსტიტუციურია და შემდეგ აჩერებს სამართალწარმოებას. ჩვენ ეს არ დავაჭირვეთ განმხილველ მოსამართლეს, თვითონვე შევიტანეთ, დავასწარით,  ფიქრობდა ამას, თუ არ ფიქრობდა, არ ვიცით, მაგრამ ხელ-ფეხი გავუხსენით ობიექტური გადაწყვეტილების მიღებისათვის. ახლა უკვე ნაკლები შანსია ჭორებზე, პიარებზე დაყრდნობით გადაწყვიტოს მოსამართლემ რამე. 
სხვათა შორის, როცა ბუტა რობაქიძის მამა დაიკითხა, მან თქვა ჩვენებაში, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას დავიჯერებო, ეს დაკითხვაში თქვა. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, ვინაიდან რობაქიძეს ფაქტი არ დაუნახავს თვითონ, მისი ჩვენება ირიბია. ეს ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ ამით განაჩენის გამოტანა არ შეიძლება. როგორც საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, არც ის შეიძლება, რომ ირიბი ჩვენებები მტკიცებულებად დაედოს არა თუ განაჩენს, არამედ პასუხისგებაში მიცემის დადგენილებას. ამით ბრალდებას ვერც პროკურატურა გამოიტანს.
ჩვენება მიცემულია მხოლოდ ბატონი სოსო რობაქიძის, ჯერჯერობით. სხვაზე ჯერ ვერაფერს ვიტყვით. შეიძლება ის სხვა, რომელსაც პროკურატურას შეყვანილი ჰყავს მოწმეთა სიაში, სულ არ მოვიდეს სასამართლოში ასეთი ცვლილებების შემდეგ, მით უმეტეს, ზოგადად იმ სიტუაციის შემდეგ, რაც მოხდა, ვთქვათ ვაზაგაშვილის საქმეზე",-განაცხადა კობახიძემ. 
ამასთან, კობახიძის განცხადებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკვე ძალაში შევიდა. 
შეგახსენებთ, ზურა მიქაძეს  ბუტა რობაქიძის მკვლელობის ადგილზე  ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მიტანა და  მტკიცებულების ფალსიფიკაციის მიზნით  შემთხვევის ადგილზე ჩადება ედება.

0 comments:

Post a Comment