Pages

Tuesday, January 20, 2015

„პატიმრები სასტიკად მხოლოდ იმიტომ დასაჯეს, რომ ერთ-ერთმა დანარჩენებს შობა მიულოცა"

„პატიმრები სასტიკად მხოლოდ იმიტომ დასაჯეს, რომ ერთ-ერთმა დანარჩენებს შობა მიულოცა"
დავით მანაშვილი ერთერთია იმ პატიმრებს შორის, რომლებიც სასჯელაღსრულების N7 დაწესებულებაში შიმშილობენ. როგორც e-Georgia.blogspot.com-ს პატიმრის დედამ ნანა დალაქიშვილმა განუცხადა, მის შვილს უკვე მეცხრე თვეა სიცხე აქვს, თუმცა ამ დრომდე, მას ვერ დაუსვეს დიაგნოზი და ის ჯანმრთელობისათვის აუტანელ პირობებში იმყოფება.
„მეშვიდე წელია ის საჯელს იხდის, უკვე 9 თვეა, აქვს სიცხეები, დიაგნოზის დადგენა ამ ხნის მანძილზე ვერ მოხდა. იმის მაგივრად, რომ მისთვის ყურადღება მიექციათ, სექტემბრის თვიდან განთავსებულია სასჯელაღსრულების ნომერ მეშვიდე დაწესებულებაში, რომელიც ვერანაირ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს და პატიმარი გაუსაძლის პირობებში იმყოფება. იქ არის ანტისანიტარია, არ არის ვენტილაცია, პატიმრისთვის განკუთვნილ ერთსაათიან გასეირნებასაც შენობაში ატარებენ იმიტომ, რომ ამ დაწესებულებას არ აქვს ეზო.
ამას გარდა, ჩემი შვილი იმყოფება ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ, გადაკეტილი აქვს ყველაფერი, რაც პატიმრისთვისაა განკუთვნილი - პაემანი, ამანათი, მაღაზია, წერილი და არის აუტანელ პირობებში. უკვე მერვე დღეა შიმშილობს. შიმშილობის გამო აქვს სიცხეებიც და არანაირი ყურადღება მას დღემდე არ მიქცევია და არანაირი გამოხმაურება დღემდე არ ყოფილა.
ახალგაზრდა ბიჭები, მეშვიდე საპყრობილეში, არიან სიცხეებით და არ ხდება მათი დიაგნოსტირება. იმ პირობებში, რა პირობებიც არის მეშვიდე საპყრობილეში, მათი მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმდება. მხოლოდ თერმომეტრი შეაქვთ საკანში, სიცხეს უზომავენ და აფიქსირებენ, რომ სიცხე აქვს, მაგრამ 9 თვეა დიაგნოზის დადგენა ვერ ხერხდება. ანალოგიურ მდგომარეობაშია პატიმარი დავით სახვაძე, რომელიც საკუთარი ხარჯებით ითხოვს დიაგნოზის დასმას და ეუბნებიან რიგში ხარ, ჯერ შენი რიგი არ მოსულაო. ანალოგიურ მდგომარეობაშია დავით ხიზანიშვილი და მე კიდევ ბევრის გვარი არ ვიცი“, - აცხადებს ნანა დალაქიშვილი.
მისი თქმით, სამინისტროს, აღნიშული პრობლემით, უკვე მიმართეს.
„სასჯელაღსრულების სამინისტროს ჩვენ სიცხეების გამო მაისის თვეში მივმართეთ. გადაიყვანეს ქსნის იზოლატორში ტუბერკულოზზე გამოკვლევის მიზნით, მაგრამ ერთი თვეც არ იყო გასული, დიაგნოზი დასმული არ იყო, რომ ქუთაისში გადაიყვანეს და ე.წ. კარანტინში ჰყავდათ. შემდეგ, ჩემი განცხადების საფუძველზე, მივაღწიე იმას, რომ გადმოიყვანეს მეჩვიდმეტე საპყრობილეში და აქაც კარანტინში ჰყავდათ სიცხიანი პატიმარი.
ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდება ორი ზონდერბადრაგის მხრიდან, მათი სახელებია ლევან ქირია და გიორგი ტაბატაძე, რომლებიც ქმნიან ფსიქოლოგიურ ზეწოლას. ფიზიკურ ანგარიშსწორებას არ აქვს ადგილი, თუმცა გიორგი ტაბატაძისაგან იყო მცდელობა ფიზიკური ზეწოლისა პატიმრებზე, ის თანამშრომლებმა გააკავეს. ეს საქმე სასამართლომდე მივიდა, ჩემი შვილი მოწმე იყო და მისცა ჩვენება იმაზე, რაც მოხდა და შემდეგ იყო მის მიმართ ფსიქოლოგიური ზეწოლა გიორგი ტაბატაძისა და ლევან ქირიას მხრიდან. ეს მოხდა დეკემბრის თვეში.
7 იანვარს კი, შობის დღესასწაულზე, ორი სიტყვისათვის, „შობას გილოცავთ“, რომელიც ერთმა პატიმარმა უთხრა დანარჩენებს, უსასტიკესად დაისაჯა ყველა პატიმარი. ამ ორი სიტყვის გულისათვის. ადრე ჩემი შვილის მიმართ, არც ფიზიკური და არც ფსიქოლოგიური ზეწოლა არ განხორციელებულა.“ - აცხადებს პატიმრის დედა.

0 comments:

Post a Comment