![]() |
| ქართველი მებრძოლის რჩევა |
„ქართველი მებრძოლები უკრაინაში სამშობლოსთვის ვიბრძვით. აქ არაფერს გვიხდიან. ჩვენ ჩვენი სამშობლოს დიდი პრობლემები გვამოძრავებს. ამ ხალხს ვეხმარებით, იმიტომ, რომ უმადური ხალხი არ ვართ ქართველები“,-ამის შესახებ e-Georgia.blogspot.com-ს უკრაინაში მებრძოლმა ქართველმა ილია წიკლაურმა განუცხადა.
მისი თქმით, ის ბატალიონ „აიდარში“ მსახურობს.
„ლუგანსკის ოლქში მდებარე ქალაქ სჩასტიეში ვდგავართ. წინა ხაზია. მაიდანზე ვიყავი უკრაინაში, შემდეგ 4 ივნისიდან ბატალიონ „აიდარში“ვიბრძვი.
უკრაინაში რამდენი ქართველი მებრძოლია, რიცხობრივად ამას ვერ ვიტყვი, მაგრამ ვართ ქართველები. რამდენიმე ათეული ადამიანი მუდმივად იბრძვის. ქართველები ვიბრძვით უკრაინის არმიის სხვადასხვა ბატალიონსა და ქვედანაყოფში. ჩვენ კონტაქტი ძალიან კარგი გვაქვს, ყველამ ვიცით, ვინ სად ვართ მებრძოლები.
უკრაინელი ხალხი გვამარაგებს. საჭმელი და სასმელი არ გვაკლია, არც გვცივა.
მეომარ ადამიანს ჯიბის ფული რად უნდა წინა ხაზზე, ამაზე ლაპარაკი არ არის. ჩვენ აქ არაფერს არ გვიხდიან, ამის გულისთვის არ ვართ აქ ჩამოსულები, რომ რაღაცა გადაგვიხადონ“,-აცხადებს წიკლაური.
e-Georgia.blogspot.com-სთან საუბრისას უკრაინაში მებრძოლი ქართველი „სისხლის სამართლის კოდექსში“ შესატან იმ ცვლილებებს გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც უკანონო ფორმირებაში საზღვარგარეთ მონაწილეობა ან ამგვარი მონაწილეობისთვის წვრთნა ან მოწოდება თავისუფლების აღკვეთით იქნება დასჯადი. წიკლაური ამბობს, რომ უკრაინაში უკანონო ფორმირებები არ არის.
„ფილმ „გიორგი სააკაძეში“ ასეთი ციტატაა, თუ არ ვცდები -„ ბედნიერია ის, ვისაც სამშობლოსთვის უძგერს გული“, ეს ჩაინერგონ პარლამენტარებმა.
ჩვენ, ვინც აქ ვართ, სამშობლოსთვის ვიბრძვით. არაფერს ჩვენ აქ არ ვიღებთ. ჩვენ გვამოძრავებს ჩვენი სამშობლოს დიდი პრობლემები. ამ ხალხს ვეხმარებით, იმიტომ, რომ უმადური ხალხი არ ვართ ქართველები. ესენი ძალიან დაგვეხმარნენ 90-იანი წლებიდან მოყოლებული. ამიტომ ვეხმარებით უკაინელ ხალხს. მიიღებენ თუ არ მიიღებენ კანონს, ჩვენებს ვერ გააჩერებენ.
აქ უკანონო ფორმირება არ არის. მე, პირადად, ვიცი საქართველოს 2 მოქალაქე, რომლებიც ტერორისტების მხარეს არიან დონეცკის ოლქში. დანარჩენი ქართველები ვინც ვართ, ვართ ოფიციალურ ქვედანაყოფებში. უკანონო ფორმირებები უკრაინაში არ არის“,-აცხადებს წიკლაური.
ცნობისთვის, „სისხლის სამართლის კოდექსს“ ახალი მუხლი ემატება. 312-ე პრიმა მუხლის თანახმად, უკანონო ფორმირებაში საზღვარგარეთ მონაწილეობა ან ამგვარი მონაწილეობისთვის წვრთნა ან მოწოდება იქნება დასჯადი თავისუფლების აღკვეთით. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლევან იზორიას განცხადებით, კანონპროექტი უკანონო ფორმირებების შესახებ არ ეხებათ იმ ქართველებს, ვინც კიევის ხელისუფლების იურისდიქციის ქვეშ მოქმედებენ.

0 comments:
Post a Comment