საპროტესტო აქციები, რომელიც ავეტისიანების ოჯახის მკვლელი რუსი ჯარისკაცის სომხეთის მართლმსაჯულებისათვის გადაცემის მოთხოვნით მიმდინარეობს, ერევანშიც დაარბიეს. პოლიციამ ძალის გამოყენებით დემონსტრანტები ჩრდილოეთის პროსპექტიდან და თუმანიანის ქუჩიდან განდევნა. შეტაკებების შედეგად სამართალდამცავებმა ათობით ადამიანი დააკავეს.
დემონსტრანტები მოაქალაქეებს თავისუფლების მოედანზე შეკრებისაკენ მოუწოდებენ. ერევნის თავისუფლების მოედანზე ავეტისიანების ოჯახის პატივსაცემად უკვე რამდენიმე დღეა სანთლები ანთია და ყვავილები მიაქვთ.
პარალელურად ცნობილი გახდა, რომ გიუმრიში დემონსტრანტებსა და სამართალდამცავებს შორის შეტაკებების შედეგად დაშავებულთა რაოდენობამ 14-ს მიაღწია.
სიტუაციის დაძაბვის შემდეგ დემონსტრანტებმა ახალი მოთხოვნები წამოაყენეს. აქციის მონაწილეებს სურთ დარწმუნდნენ, რომ პერმიაკოვი კვლავ სომხეთში იმყოფება. მეორე მოთხოვნის მიხედვით კი დაკავებული დემონსტრანტები დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ.
დღეს საპროტესტო აქციები ავეტისიანების დაღუპული ოჯახის დაკრძალვის შემდეგ კვლავ განახლდა. დემონსტრანტები რუსი ჯარისკაცის ვალერი პერმიაკოვის სომხური მართლმასჯულებისათვის გადაცემას მოითხოვენ.
გიუმრის აქციაზე სომხეთის გენერალური პროკურორი გევორქ კოსტანიანიც მივიდა. მან დემონსტრანტების დამშვიდება სცადა და მათ დაშლისაკენ მოუწოდა. აქციის მონაწილეებმა გენერალურ პროკურორს ბრალდებებით და აგრესიით უპასუხეს.
როგორც კოსტანიანმა დღეს პრესკონფერენციაზე განაცხადა, სომხეთ-რუსეთის შეთანხმების მიხედვით რუსი სამხედროების დანაშაულს სომხეთის პროკურატურა ვერ გამოიძიებს.
გენპროკურორის განცხადებით სომხეთში რუსეთის სამხედრო ბაზების განლაგების შესახებ შეთანხმების მე-4 მუხლის მიხედვით, სომხეთის ტერიტორიაზე რუსი სამხედროების მიერ ჩადენილი დანაშულის გამოძიება მოხდება სომხური კანონმდებლობით. თუმცა, იმავე შეთანხმების მე-5 მუხლში ნათქვამია, რომ მე-4 მუხლი არ მოქმედებს, იმ შემთხვევაში თუ დანაშაული ჩადენილია სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე, ან რუსეთის ან რუსი სამხედროების წინააღმდეგ, ან დანაშაული კვალიფიცირებულია როგორც სამხედრო დანაშაული. შესაბამისად როდესაც დანაშული ხდება ბაზის ტერიტორიაზე და ის წარმაოდგენს სამხედრო დანაშაულს მას სწორედ რუსეთი იძიებს. სომხეთის გენპროკურორმა აღნიშნა, რომ რუსმა ჯარისკაცმა პირველი დანაშაული სწორედ ბაზის ტერიტორიაზე ჩაიდინა და ნებაყოფლობით დატოვა სამხედრო ნაწილი. თავის მხრივ ეს ქმედება წარმოადგენს სამხედრო დანაშაულს. შესაბამისად დანაშულის გამოძიება რუსეთის იურისდიქციაში შედის.
სომხეთის გენპროკურორის პოზიციამ მწვავე კრიტიკა გამოიწვია. სომხური ეკლესიის შირაქისა და გიუმრის ეპისკოპოსმა მიქაელ აჯაფახიანმა გენპროკურორის გადადგომა მოითხოვა.
„ჩვენ ერს მძიმე დარტყმა მიაყენეს. მაგრამ აქ ყველანი სომხები ვართ. ჩვენ ყველას გვინდა, რომ ეს არსება სომხეთში სომხური კანონმდებლობის შესაბამისად გასამართლდეს... ასეთია ჩვენი მოთხოვნა რუსეთის და რუსული სამხედრო ბაზის მიმართ. ჩვენ მოვითხოვთ, რომ მათ სომხეთის სამართალდამცველ ორგანოებს გადასცენ დამნაშავე... პროკურორი უნდა გადადგეს. მისმა სისუსტემ ხალხი წონასწორობიდან გამოიყვანა. პროკურორმა უნდა გაგვცეს პასუხი რატომ დაირღვა ჩვენი უსაფრთხოება და დამოუკიდებლობა. პროკურატურამ რუსულ მხარეს უნდა მოსთხოვოს პატივი სცეს ჩვენ დამოუკიდებლობას. ჩვენი ხელისუფლება ახლა არაქმედითუნარიანია. ჩვენი მართმსაჯულება რუსეთის მარიონეტად იქცა“, - განაცხადა სომეხმა ეპისკოპოსმა მიტინგზე სიტყვით გამოსვლისას.
საპროტესტო აქციების ფონზე, გუშინ გიუმრიში მდებარე რუსეთის სამხედრო ბაზაზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საპროტესტო აქციები იმართება სომხეთის სხვა ქალაქებშიც. ერთ-ერთი მათგანი ერევანში რუსეთის საელჩოს წინ გაიმართა.
შეგახსენებთ, რომ 12 იანვრის დილის 6 საათზე რუსმა სამხედრომოსამსახურემ ვალერი პერმიაკოვმა სომხეთის ქალაქ გიუმრიში, სადაც რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზაა დისლოცირებული, ავტომატური იარაღით ავეტისაიანების ოჯახის ექვსი წევრი მოკლა, დაღუპულთ შორის, 2 წლის გოგონაა. გადარჩა მხოლოდ 6 თვის ჩვილი, რადგან მისი მკვლელობის დროს პერმიაკოვს ავტომატმა გაუჭედა და სამხედრომ ჩვილი ბავშვის ხიშტით მოკვლა სცადა.
როგორც პერმიაკოვმა დაკავების შემდეგ განაცხადა, მას რუსულ არმიაში მსახური არ უნდოდა და ამიტომ გაიქცა. ქალაქში ის წყლის დასალევად ერთ-ერთ სახლში შეიპარა. ოჯახს ხმაურზე გაეღვიძა, ჯარისკაც შეეშინდა რომ ავეტისიანები მის იქ ყოფნას სარდლობას შეატყობინებდნენ და ოჯახი ამოხოცა.
როგორც გაირკვა ეს პერმიაკოვის რუსული ჯარიდან გაქცევის პირველი შემთხვევა არ იყო.
0 comments:
Post a Comment