გერმანიის მთავრობა და ევროკავშირი რუსეთს ფართო თავისუფალი ვაჭრობის ზონის შექმნას შესთავაზებენ თუ უკრაინის კონფლიქტი გადაწყდება, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მეკრელმა ფლორენციაში განაცხადა.
კანცლერის განცხადებით ევროკავშირსა და ევრაზიულ კავშირს შორის თავისუფალ ვაჭრობის თაობაზე მსგავსი მოლაპარაკებების დაწყება სრულიად შესაძლებელია.
„ლისაბონიდან ვლადივასტოკამდე თავისუფალი ვაჭრობის ზონის“ წინადადება კანცლერმა პირველად დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე გააჟღერა და აღნიშნა, რომ ოდესღაც ეს იდეა სწორედ ვლადიმირ პუტინმა წამოაყენა.
„ეს ბუნებრივია ჩვენი მიზანი უნდა იყოს. იმედი მაქვს, რომ ეს შესაძლებლობა გაჩნდება“, - განაცხადა მერკელმა და დასძინა, რომ მანამდე მოსკოვთან უკრაინა-ევროკავშირს ასოცირების შეთანხმებასთან დაკავშირებული ყველა სადაო საკითხი უნდა მოგვარდეს.
აღსანიშნავია, რომ მერკელის შეთავაზება რუსეთის აგრესიული პოლიტიკის მკაცრი კრიტიკის ფონზე გაჟღერდა. იმავე დავოსის ფორუმზე მერკელმა რუსეთის მეორე მსოფლიო ომის შემდგობი ევროპული წესრიგის ხელყოფაში და საერთაშორისო კანონმდებლობის უხეშ დარღვევაში დაადანაშაულა. გარდა ამისა, კანცლერმა კატეგორიულად უარყო უკრაინის კონფლიქტის დარეგულირებამდე მოსკოვისათვის სანქციების გაუქმების შესაძლებლობა.
მერკელის წინადადებას მხარი დაუჭირა გერმანიის ვიცე-კანცლერმა ზიგმარ გაბრიელმა. მისი თქმით, „ევროპამ არ უნდა თქვას უარი ევროპულ რუსეთზე“. ვიცე-კანცლერმა აღნიშნა, რომ მსგავსი სცენარი არარეალურია მანამ სანამ რუსეთი უკრაინის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებისათვის არაფერს აკეთებს. „თუმცა ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმ დღეზეც, რომლის შემდეგაც ეს კონფლიქტი დასრულდება“ - დასძინა გაბრიელმა.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი განცხადება დავოსის ფორუმზე გააკეთა ევროკომისიის ყოფილმა თავმდომარემ ჟოზე მანუელ ბაროზომ. მისი თქმით, ოდესმე აღსრულდება მისი ოცნება და ლისაბონიდან ვლადივასტოკამდე ერთიანი ევროპული სივრცე შეიქმნება.

0 comments:
Post a Comment